მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა შემტევმა, ალფონსო დეივეისმა, კლუბის ყოფილი კაპიტანი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მოხიბლა.
ალფონსოს ტალანტსა და მომავალზე 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა, ლოთარ მათეუსმა, ისაუბრა.
"მას ბევრი რამ აქვს სასწავლი. MLS-დან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადასვლა დიდი ნაბიჯია, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნს" მისი იმედი ნამდვილად აქვს.
ამერიკაში ვიყავი, როდესაც ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ვფიქრობ, ეს კარგია. როდესაც მთავარი მწვრთნელი ვიყავი ჩემს მოთამაშეებს დაცვაში თამაშსაც ვასწავლიდი. მან უნდა ისწავლოს დაცვაში მოქმედება და ეს მისთვის კარგი ვარჯიში იყო.
ვფიქრობ, ალფონსო ახლა "ბაიერნში" ყველაზე სწრაფი მოთამაშეა. მან შესაძლოა ორი-სამი შეცდომა დაუშვას, მაგრამ მომავალი აქვს და გუნდს შეუძლია, რომ ამ პოზიციაზე ახალი ალტერნატივა ჰყავდეს.
თუმცა ცხადია ნიკო კოვაჩმა იცის, რომ ალფონსო ვინგერია და არა მარცხენა მცველი. ის კიგნსლი კომანის პირდაპირი კონკურენტია.
ვფიქრობ, ალფონსოს დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ბიძგი სჭირდება. ის "ბაიერნის" მომავალია", - განაცხადა მათეუსმა.
18 წლის კანადელი ვუნდერკინდი "ბაიერნმა" ზამთარში 13 მილიონ დოლარად შეიძინა. ამერიკის შეკრების დროს კოვაჩი მას მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა.