მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა ნახევარმცველმა, კორანტენ ტოლისომ შესაძლოა კარიერა კატალონიის ბარსელონაში გააგრძელოს - ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ბარსელონას 27 წლის შუახაზელის გადაბირებას 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს.
თავის მხრივ, გერმანული მედიაც ირწმუნება, რომ ტოლისოს და ბაიერნს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება და ფეხბურთელის სურვილია, კლუბი მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვოს.
ტოლისომ ბაიერნის მაისურით მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.