მიუნხენური კლუბის სიმბოლომ, ლეგენდარულმა ული ჰიონესმა, დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.
67 წლის გერმანელი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და დიდი ალბათობით, მის ადგილს "ადიდასის" გენერალური დირექტორი, ჰერბერტ ჰაინერი, დაიკავებს.
ული ჰიონესი "რეკორდმაისტერის" ცოცხალი ლეგენდაა. ის 9 წელი (1970-79) "ბაიერნის" ღირსებას იცავდა და იმ "ოქროს თაობის" წარმომადგენელი იყო, რომელმაც 1974, 75 და 76 წლებში ჩემპიონთა თასის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო.
1979 წლიდან ული მიუნხენური გრანდის მენეჯმენტში მუშაობდა და 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ულის პრეზიდენტობის ეპოქაში "ბაიერნმა" დიდ წარმატებებს მიაღწია და 2013 წელს ისტორიული ტრებლიც გაიფორმა - ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი.
ული ჰიონესი "ბაიერნის" ხელმძღვანელობაში საპატიო ადგილს მაინც დაიკავებს და კლუბის სტრუქტურაში 2023 წლამდე იმუშავებს.