გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის, სიტყვებმა ტიმო ვერნერს აზრი შეაცვლევინა.
23 წლის გერმანელი თავდამსხმელი მიუნხენის "ბაიერნის" სამიზნეა და მისი კონტრაქტი "ლაიფციგთან" მომდევნო წლის ზაფხულში იწურებოდა.
"რეკორდმაისტერი" კი ტიმოს გაისად უფასოდ დამატებას გეგმავდა, მაგრამ ამ სეზონის დაწყებამდე ვერნერმა თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
როგორც გერმანული პრესა იტყობინება, ტიმო სეზონის დაწყებამდე "ბუნდესთიმის" თავკაცს გაესაუბრა და მისგან მიიღო რჩევა, რომ იულიან ნაგელსმანი ნიჭიერი მწვრთნელია, რომელიც მას განავითარებდა და "ლაიფციგში" უნდა დარჩენილიყო.
შედეგად, ტიმო ვერნერმა "ხარებთან" მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
ტიმომ ახალი სეზონი კარგად დაიწყო - ბუნდესლიგის სამ თამაშში 5 გოლი გაიტანა და მისი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.