მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "ბაიერნის" იუთუბის არხთან საუბრისას თავის ცნობილ გოლის აღნიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს აღნიშვნა ჩემს ქალიშვილს უკავშირდება, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მსურს, ეს პატარა საიდუმლოა!
მინდა ვაჩვენო, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მიმაგრებს ზურგს და მათი მხარდაჭერა პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში ძალიან მეხმარება.
როდესაც გოლი გაგაქვს, ისეთ ეიფორიაში ვარდები, რომ უბრალოდ არ ფიქრობ. ეს უბრალოდ ხდება. ზოგჯერ მატჩის შემდეგ მიფიქრია: "რა გავაკეთე?" უბრალოდ აკეთებ იმას, რასაც გოლი ან გონება გიკარნახებს.
მომენტი, როდესაც გაგაქვს გოლი და 80 ათასამდე ფანი შენს სახელს ყვირის, განსაკუთრებულია! მთელს ტანში ჟრუანტელი გივლის და გინდა, რომ გაფრინდე. თუმცა კარგად ვიცი, რომ რამდენიმე წამში მიწაზე უნდა დაეშვა - ეიფორიას არ უნდა მიეცე.
რთულია გადმოსცე თუ რას გრძნობ იმ მომენტში - ყველას ვუსურვებდი, რომ ეს მომენტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც თვითონ გამოცადონ", - განმარტა ლევანდოვსკიმ.
რობერტ და ანა ლევანდოვსკებს ქალიშვილი კლარა 2017 წლის მაისში შეეძინათ.