მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კორენტენ ტოლისომ, გერმანული გრანდის მთავარი მიზანი განიხილა.
"ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება სავსებით შესაძლებელია, ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. თუ ტრავმები არ იქნება, ყველა ტურნირზე საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევეცდებით.
თითოეული მოთამაშე ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. "ბაიერნს" ტურნირი 2013 წლის შემდეგ არ მოუგია და მოვიდა დრო, რომ ეს კვლავ გააკეთოს", - განაცხადა 25 წლის ფრანგმა.
"რეკორდმაისტერმა" 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა და მას შემდეგ ოთხჯერ გავიდა 1/2 ფინალში, გასულ სეზონში კი ტურნირს 1/8 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა.
მიმდინარე სეზონში "ბაიერნი" B ჯგუფში ლონდონის "ტოტენჰემს", "ოლიმპიაკოსსა" და "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.