მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მცველმა, ბენჟამენ პავარმა, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი შეაფასა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
"კოუტინიო პატარა ჯადოქარია. ის კარგი, თანამედროვე და მეგობრული ადამიანია, ამასთან ერთად კი დიდებული ფეხბურთელი.
ის ჯერ არ არის 100%-თ მზად და სავარაუდოდ უფრო მეტი მატჩი სჭირდება, ვინაიდან გუნდს მოგვიანებით შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირაში ყველას დაანახებს, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეა.
ის დამაგვირგვინებელი გადაცემა სრული სიგიჟეა. მნიშვნელოვან თამაშებში ის შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
მასთან ერთად "ბაიერნი" უფრო არაპროგნოზირებადი იქნება. ეს კი უფრო სახიფათო გუნდად გვაქცევს. მას შეუძლია თამაში ათიანის პოზიციაზე, მარცხენა ფრთაზე და მარჯვენა ფრთაზეც კი. ახლა უფრო მეტი არჩევანიც გვაქვს", - განაცხადა 23 წლის ფრანგმა.
27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "რეკორდმაისტერმა" კატალონიის "ბარსელონადან" 1 წლიანი იჯარის წესით დაიმატა.
კოუტინიო გუნდს აგვისტოს ბოლოს შეუერთდა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ იმყოფება.