მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა თავკაცს, ნიკო კოვაჩს, ახლა საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას.
გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი წარუმატებელი შედეგის გარდა "რეკორდმაისტერის" თამაშის ხარისხი არადამაჯერებელია, გუნდი ბევრ გოლს უშვებს და მოთამაშეები ძალიან უკმაყოფილონი არიან.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი, იტყობინება, რომ 47 წლის ხორვატი სპეციალისტის რეპუტაცია სერიოზულად შეირყა და მას საბოლოო დარტყმა 15 ნოემბერს მიადგება.
რა ხდება 15 ნოემბერს? კლუბს ოფიციალურად დატოვებს კოვაჩის მთავარი დამცველი ული ჰიონესი და წინა პლანზე წამოიწევს გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელიც ნიკოს მიმართ გაცილებით კრიტიკულადაა განწყობილი.
ფალკის ინფორმაციით, კალე რუმენიგე ამ შანსის გამოყენებას და კოვაჩის შეცვლას აპირებს. მისი ფავორიტი გამოცდილი და საკმაოდ ჭკვიანი გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკია, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია.
"ბაიერნი" განიხილავს ერიკ ტენ ჰაგის ვარიანტსაც, მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამსტერდამის "აიაქსს" სეზონის მიმდინარეობისას არ დატოვებს.