მოგეხსენებათ, სადიო მანეს ბაიერნში ტრანსფერი ამ დრომდე წარუმატებელია და სენეგალელმა შემტევმა მიუნხენურ გრანდს ფეხი ვერა და ვერ აუწყო.
ყოველივე ამას გასულ კვირას მომხდარი სკანდალიც ემატება, სადაც მანემ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ლეროი სანეს დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.
მანეს ბუნდოვან მომავალზე ბაიერნში Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერს:
"სადიო მანეს ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა და მისი შეძენა შეცდომა იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სენეგალელის ხელფასი 20 მილიონ ევროზე მეტია წელიწადში. მისი წარუმატებელი თამაშების შემდეგ მიუნხენში ხუმრობენ, რომ ბაიერნმა მანეს ტყუპისცალი ძმა გაიფორმა ლივერპულიდან და არა თავად მანე.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბაიერნი ყველაფერს გააკეთებს, რომ მანე ზაფხულში გაუშვას. სპორტული თვალსაზრისით, ტომას ტუხელს სენეგალელთან მიმართებაში არანაირი გეგმები არ აქვს, რადგან მანე ტუხელის სათამაშო სისტემას არ შეესაბამება - მოთამაშეს ბაიერნში ძალიან კრიტიკულად უყურებენ", - წერს პლეტენბერგი.