მიუხნენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკო კოვაჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილია!
კლუბის ხელმძღვანელობა 48 წლის ხორვატ სპეციალისტს დღეს შეხვდა და ერთიანი შეფასების შედეგად, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.
"ბოლო კვირეებში გუნდის შედეგებმა და თამაშის ხარისხმა მიგვანიშნა, რომ რეაგირება იყო საჭირო. ული ჰიონესს, მე და ჰასან სალიჰამიჯიჩს კვირას ნიკოსთან საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა.
მინდა, რომ ნიკოს გაწეული სამსახურისთვის, განსაკუთრებით შარშანდელი დუბლისთვის, მადლობა გადავუხადო", - განაცხადა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
ნიკო კოვაჩმა "რეკორდმაისტერი" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში გუნდს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა.
2019/20 წლების სეზონი მიუნხენელებმა არასტაბილურად დაიწყეს. "ბაიერნი" 10 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში მე-4 ადგილზეა და წინა ტურში სტუმრად ფრანკფურტის "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა.