გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ეროვნულ ჩემპიონატში 2019 წელს პირველი მშრალი გამარჯვება მოიპოვა და ბერლინის "ჰერტას" 1:0 მოუგო.
ნიკო კოვაჩმა "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ძირითადში 3 ცვლილება განახორციელა: ტრავმირებული მატს ჰუმელსი ჟერომ ბოატენგმა შეცვალა, ცენტრში ლეონ გორეცკა გამოჩნდა, ხოლო შეტევის მარცხენა ფრთაზე - ფრანკ რიბერი.
პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და დაბალ ტემპში წარიმართა. ბერლინური კლუბი თავს კარგად იცავდა, ხოლო "ბაიერნს" შეტევების განხორციელება არ გამოსდიოდა. ძალიან პასიური იყო სერჟ გნაბრი, ხოლო რეალური საგოლე მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც სოლომონ კალუმ მანუ ნოიერს აჯობა, მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან ჟერომ ბოატენგმა გამოიტანა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და "ჰერტას" დასაწყისში მორიგი იდეალური შანსი ჰქონდა. დუდას გადაცმის შემდეგ დევი ზელკეს დარტყმული ცარიელი კარიდან ამჯერად იოზუა კიმიხმა გამოიტანა, თანაც ეფექტურად - ქუსლით.
"ბაიერნს" მომენტების შექმნა უჭირდა, მაგრამ კუთხური გამოიყენა - ხამეს როდრიგესის ჩაწოდების შემდეგ ხავი მარტინესმა იარშტეინის არასწორი გამოსვლით ისარგებლა და თავით საკუთარი გუნდი დააწინაურა.
დარჩენილ დროში "რეკორდმაისტერს" განსაკუთრებული არაფერი შუექმნია, მატჩის მიწურულს კი რობერტ ლევანდოვსკიზე უხეშობის გამო მოედნიდან რეკიკი გააძევეს, ჯარიმა კი დავიდ ალაბამ შეასრულა სახიფათოდ. ავსტრიელს იარშტეინმა აუღო, დამატებაზე კი მიულერმა ვერ ივარგა და ბურთი ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
მიუნხენელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და დორტმუნდის "ბორუსიას" დროებით გაუთანაბრდნენ. ახლა ორივე ლიდერს 51 ქულა აქვს, მაგრამ "ბორუსია" თავის თამაშს ხვალ ლევერკუზენში "ბაიერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბაიერნი 1:0 ჰერტა
გოლი: მარტინესი (62,).
გაფრთხილება: კიმიხი, ხამესი.
გაძევება: რეკიკი.