გერმანული გამოცემა Sport Bild-ის ინფორმაციით, 38 წლის მანუელ ნოიერს მიუნხენის „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, რაც მას საშუალებას მისცემს, მინიმუმ 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშოს. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ორივე მხარეს - კლუბსაც და ფეხბურთელსაც - ინტერესი აქვთ.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელები ნოიერთან მოლაპარაკებების დაწყებას 2025 წლის დასაწყისში გეგმავენ. თუმცა, მთავარი გამოწვევა ხელფასზე შეთანხმება იქნება. ამჟამად ნოიერი წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს იღებს და კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
სპორტული მიმართულებით „ბაიერნის“ ახალი ხელმძღვანელი მაქს ებერლი ცდილობს სახელფასო ფონდის შემცირებას, რაც შესაძლოა ნოიერთან მოლაპარაკებების პროცესს გაართულოს. საინტერესო იქნება, თუ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკება და დათანხმდება თუ არა ვეტერანი მეკარე შემოსავლის შემცირებას, რომ კარიერა „ბაიერნში“ გააგრძელოს.