ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიოტ უპამეკანო "ბაიერნში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო და ზაფხულში ფეხბურთელი მიუნხენში გადაბარგდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
გერმანული გამოცემების, Sky-სა და Kicker-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და სურს, რომ "ლაიფციგში" კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩეს.
მოგეხსენებათ, ფრანგ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურებოდა და მისი გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევრო იყო. ახლა კი ის მზადაა, რომ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს.
წყაროს ცნობით, უპამეკანო მიიჩნევს, რომ ამჟამად გუნდის დატოვებისთვის შესაფერისი დრო არ არის და მისივე კარიერისთვის უმჯობესი იქნება, თუ "ლაიფციგში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.