გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ვოლფსბურგი" 6:0 გაანადგურა და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი გახდა!
შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო და "ბაიერნის" შეტევები ძირითადად უშედეგო ჩაწოდებებით სრულდებოდა. საწყისი ნახევარი საათი ერთფეროვანი და მოსაწყენი გამოდგა.
თუმცა შეხვედრის 34-ე წუთზე "ბაიერნმა" მიზანს მიაღწია და ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში იოზუა კიმიხი შეიჭრა და თომას მიულერს გაუყოლა. მიულერმა კარის წინ ჩააგდო და სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა - 1:0!
სამ წუთში კი მიუნხენელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს - ხამესმა საჯარიმოში გნაბრის ფენომენალური გადაცემა გაუკეთა, სერჟმა კი ცარიელ კარტან დაუგორა ლევანდოვსკის, რომელმაც უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარი "რეკორდმაისტერმა" უფრო აქტიურად და აგრესიულად დაიწყო. 52-ე წუთზე ტიაგოს გადაცემით ხამესმა ბურთი გაისწორა და მარცხენა ფეხით დაბალ შორეულ კუთხეში იდეალური სიზუსტის დარტყმით ჩასვა - 3:0!
ამის შემდეგ "ვოლფსბურგი" სრულიად გატყდა და "ბაიერნმა" დამაჯერებელი თამაშის ჩვენება გააგრძელა. ჰქონდა მომენტები რობერტ ლევანდოვსკის, ერთ ეპიზოდში გმირობა ჩაიდინა სტუმართა გოლკიპერმა, კოენ კასტეელსმა, რომელმაც ჯერ მიულერს, შემდეგ კი დამატებაზე ლეონ გორეცკას აუღო.
76-ე წუთზე კი თავისი გოლი თომას მიულერმაც გაიტანა. მარცხენა ფრთაზე რენატუ სანჩეშმა რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე გააბრუა და უკან რიბერის დაუგორა, რომელმაც საჯარიმოში ჩააგდო და მიულერმა ერთი შეხებით მოათავსა ბურთი კარის ბადეში.
მატჩის მიწურულს კი ფრანკ რიბერიმ მარცხენა ფრთინად შესანიშნავი ჩაგდება განახორციელა, რომელსაც შორეულ ძელთან იოზუა კიმიხი გამოეხმაურა. 3 წუთში რიბერის ჩაწოდებას უკვე ლევანდოვსკი გამოეხმაურა თავით და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და დორტმუნდის "ბორუსიას" გადაასწრო. "ყვითლებმა" პარალელურად შინ "შტუტგარტი" 3:1 დაამარცხეს და ახლა ბურთების სხვაობით წინ მიუნხენური კლუბია.