მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერს" უკვე დიდი ხანია, რაც ახალი მარჯვენა მცველის დამატება სურს. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი სწორედ ახალგაზრდა მაროკოელი განიხილება.
21 წლის ფეხბურთელი უკვე 2 წელია, რაც დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარის წესით ირჯება და მისი პროგრესი აშკარაა. ჰაკიმი უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და მან არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის "ბაიერნის" ყურადღებაც მიიპყრო.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბს" აჩრაფთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს და არ აპირებს, რომ მას იოლად შეელიოს. დიდი ალბათობით, "ბაიერნს" მისი დამატების შემთხვევაში დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.