მიუნხენის "ბაიერნი" მომდევნო სეზონისთვის დაცვის ხაზის სრულიად განახლებას და მესამე ახალგაზრდა სუპერ-ტალანტის დამატებას აპირებს.
ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ მიუხედავად ბენჟამენ პავარისა და ლუკა ერნანდესის ტრანსფერებისა, "რეკორდმაისტერი" ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტნის, მატიის დე ლიგტის, გადაბირებას მაინც შეეცდება.
ჰოლანდიური კლუბი 19 წლის ვუნდერკინდს 70 მილიონ ევროდ აფასებს და ეს თანხა "ბაიერნის" ბოსებისთვის სავსებით მისაღებია.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი აპირებს, რომ მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მსგავსად, წარსულს ჩააბაროს და დაცვის ცენტრი სრულიად განაახლოს.
მიუნხენელებმა ახალი სეზონისთვის ორი მსოფლიო ჩემპიონი და უნივერსალური მცველი, ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი, უკვე გაიფორმეს.