მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ბედი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის წარმომადგენლები აქტიურად იუწყებოდნენ ესპანელის წასვლაზე, თავად ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიუნხენში თავს ბედნიერად გრძნობს. ამან კი სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახლა ტიაგოს კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს, საიდანაც ორი საკმაოდ რეალურია, ერთი კი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი.
პირველი ვარიანტი "ბარსელონაში" გადაბარგებაა. თუმცა, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან კლუბს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს კი ერთადერთი ნახევარმცველი, ვისი ყიდვაც სურს ჟორჟინიო ვეინალდუმია.
მეორე ვარიანტი ყველაზე რეალურია და გარკვეულ კავშირშია პირველთან. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ჯინი "ლივერპულს" დატოვებს, კლუბს მისი შემცვლელის მოყვანა მოუწევს. ტიაგოს მერსისაიდში გადაბარგებაზე უკვე დიდი ხანია იწერება და წყაროს ცნობით, ორივე მხარე თანახმაა. ერთადერთ პრობლემად მხოლოდ სატრანსფერო თანხა რჩება.
ბოლო ვარიანტი კი მიუნხენში დარჩენაა. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ტიაგო სეზონის ბოლომდე დაიცავს "ბაიერნის" ღირსებას და რაღაც განსაკუთრებული ცვლილება თუ არ მოხდა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.