გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო დღესასწაული მოაწყო.
ნიკო კოვაჩის გუნდმა შინ ფრანკფურტის "აინტრახტი" მიიღო და ჩემპიონობა ხელიდან არ გაუშვა - მიუნხენელებმა 5:1 იმარჯვეს.
"რეკორდმაისტერმა" ძალიან აგრესიულად, აქტიურად დაიწყო და კინგსლი კომანმა ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნა. "ბაიერნმა" მომენტების შექმნა გააგრძელა, სერჟ გნაბრიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ ბურთი გაუქმდა.
პირველ ტაიმში სტუმრებს გაუმართლათ და მეორე ტაიმის დასაწყისში სტანდარტიდან წონასწორობა აღადგინეს კიდეც, მაგრამ ამან "ბაიერნი" ძალიან გააბრაზა და მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა.
საპასუხო გოლიდან სამ წუთში დავიდ ალაბამ "ბაიერნი" წინ გაიყვანა, კიდევ 5 წუთში კი რენატუ სანჩეშმა გამოიჩინა თავი.
ამის შემდეგ კოვაჩმა თამაშში ლეგენდარული ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ჩართო. სიმბოლურია, რომ ლეგენდებმა თავი გამოიჩინეს - ჯერ რიბერიმ დააგვირგვინა ულამაზესი სოლორეიდი, ხოლო შემდეგ ალაბამ გაატანინა არიენ რობენს.
მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის ბუნდესლიგა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ხოლო საერთო ჯამში 29-ე ვერცხლის სინი მოიპოვა.