მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, კარიერაში ყველაზე რთული მომენტი გაიხსენა.
"მიფიქრია თუ არა ოდესმე "ბაიერნის" დატოვებაზე? დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გვქონდა და მე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უნდა მეთამაშა, ამაზე შეთანხმებულები ვიყავით.
გულშემატკივრებმა კი ეს ვერ გაიგეს, მისტვენდნენ. სავარაუდოდ მათ უნდოდათ, რომ ერთი ტაიმი "ბაიერნის" შემადგენლობაში მეთამაშა.
არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. შოკირებული ვიყავი, რომ ჩვენს სტადიონზე ჩვენი ქომაგები მისტვენდნენ. მე ვიფიქრე: "კარგი, თუ ისინი თავის მოთამაშეებს ასე ექცევიან, მაშინ უბრალოდ წავალ ამ კლუბიდან".
თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ ფანები ყოველთვის გვერდში მედგნენ და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ უფრო ძლიერი გავხდებოდი", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
2012 წელს "რეკორდმაისტერმა" სამივე ტიტული დათმო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსისთან" საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანად დამარცხდა.
იმ ფინალში რობენმა დამატებით დროში პენალტი გააფუჭა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი "ალიანს არენაზე" ამ ფინალიდან 4 დღეში გაიმართა.