მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
"მფრინავმა ჰოლანდიელმა" ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა და გულშემატკივარს დაემშვიდობა.
"ეს, რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. თავდაჯერებულობასთან და თამაშის სიყვარულთან ერთად აწყდები რეალობასაც, როდესაც იაზრებ, რომ უკვე აღარ ხარ 16 წლის ბიჭუნა, რომელსაც ტრავმები არ ადარდებს.
ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. როგორც ბევრი სპორტის ქომაგს, მინდა, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნო. ასე, რომ ფეხბურთს უნდა დავემშვიდობო, მაგრამ ეს კარგი გადაწყვეტილებაა.
19 წელი გრძნობით ვცხოვრობდი და ვცდილობდი, რომ მაქსიმუმი მიმეღო. ამას ასკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება, აგრეთვე მორალურად უნდა იყო ძლიერი, რომ ბევრი დაზიანების შემდეგ მოედანზე მაინც ძლიერი დაბრუნდე.
მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს მხარდაჭერისათვის. ახალი ეპოქის დაწყების დრო მოვიდა და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ უფრო მეტი დროის გატარებას ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ჩვენ ერთად დავტკბებით ცხოვრებით", - განაცხადა 35 წლის ჰოლანდიელმა.
არიენ რობენი მიუნხენური გრანდის ლეგენდაა - არიენმა "ბაიერნის" მაისურით 2009-18 წლებში იასპარეზა, 309 მატჩში 144 გოლი გაიტანა და 20 ტიტული მოიგო, მათ შორის 2013 წლის ჩემპიონთა ლიგა.
არიენ რობენი "გრონინგენის" აღზრდილია და "ბაიერნამდე" კიდევ "პსვ-ს" (2002-04), ლონდონის "ჩელსისა" (2004-07) და მადრიდის "რეალის" (2007-09) ღირსებებს იცავდა.
35 წლის ჰოლანდიელს მოგებული აქვს 4 სხვადასხვა ქვეყნის (ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია) ეროვნული ჩემპიონატი და 2010 წლის მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია.