მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, საპრეზიდენტო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ცოცხალი ლეგენდა და სიმბოლო, ული ჰიონესი, 2019 წლის ნოემბერში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ულის სურს, რომ მისი პოსტი "ადიდასის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გერბერტ ჰაინერმა, დაიკავოს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს "ბაიერნის" გენერალური დირექტორიც შეიცვლება - კარლ-ჰაინც რუმენიგეს კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა ოლივერ კანი შეცვლის.
2021 წლიდან რუმენიგე-ჰიონესის თანდემს ჰაინერი-კანის დუეტი შეცვლის და სწორედ ისინი წარუძღვებიან მიუნხენურ გრანდს სამომავლოდ.
ული ჰიონესის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოლისთვის მიცემული პირობაა იმის თაობაზე, რომ 40 წლიანი სამსახურეობრივი მოღვაწეობის შემდეგ ის პენსიაზე გავიდოდა.