მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, არ დამალა, რომ გასული სეზონით იმედგაცრუებული დარჩა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს.
"მას შემდეგ, რაც "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვვარდით, მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის ფავორიტის სტატუსი დავიბრუნოთ.
გასული სეზონი იმედგაცრუება იყო და ამას არ ვმალავ. გვინდა, რომ ახალი სეზონიდან კვლავ შევუტიოთ და დავბრუნდეთ იქ, სადაც 2013 წელს ვიყავით.
მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული კიდევ ერთხელ მოვიგო.
ვფიქრობ, ჩვენი კლუბის ბოსები თავის სამუშაოს შეასრულებენ და კვლავ ვიქნებით გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდება. ეს ჩემი მთავარი მიზანია", - განაცხადა 33 წლის გერმანელმა.
მანუ ნოიერმა "რეკორდმაისტერთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2013 წელს უკვე მოიგო.
გასულ სეზონში "ბაიერნი", რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ორჯერ გავიდა ფინალში და ოთხჯერ 1/2 ფინალში, ჩემპიონთა ლიგას ნაადრევ, 1/8 ფინალურ, სტადიაზე გამოეთიშა.
ნიკო კოვაჩის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე მომავალ ჩემპიონ "ლივერპულთან" დამარცხდა - სტუმრად 0:0, შინ 1:3.