მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ლეროი სანეს ტრავმა სერიოზულია, მიუნხენის "ბაიერნმა" ალტერნატიული გეგმა აამუშავა.
დღეს დადასტურდა, რომ "რეკორდმაისტერის" მთავარმა სამიზნემ მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და 5-6 თვემდე მოუწევს უქმედ ყოფნა.
სწორედ ამიტომ "ბაიერნმა" 23 წლის გერმანელის ტრანსფერზე უარი თქვა და მილანის "ინტერის" გამოცდილ გარემარბზე გადაერთო.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები, ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო, იტყობინებიან, რომ "ბაიერნი" ივან პერიშიჩით სერიოზულად დაინტერესდა და მისი იჯარით გადაბირება სურს.
30 წლის ხორვატი "ნერაძურის" ერთ-ერთი ლიდერია და გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 45 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.
ივან პერიშიჩის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.