მიუნხენის "ბაიერნმა" მილანის "ინტერის" გარემარბის, ივან პერიშიჩის, ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
30 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, დღეს კი კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პერიშიჩი მიუნხენურმა გრანდმა 1 წლიანი იჯარის წესით დაიმატა 2020 წლის 30 ივნისამდე. სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
გერმანული პრესის ინფორმაციით, პერიშიჩის იჯარა "ბაიერნს" 5 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო მისი გამოსყიდვისთვის 25 მილიონი ევრო იქნება საჭირო.
ივან პერიშიჩი გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს - 2011-13 წლებში ის დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა, შემდეგ 2013-15 წლებში - "ვოლფსბურგის" და ბოლო ოთხი სეზონი მილანის "ინტერში" დაჰყო.
პერიშიჩს ბუნდესლიგაში სულ 112 თამაში აქვს ჩატარებული და 16 ასისტთან ერთად 27 გოლის გატანა მოახერხა.
პერიშიჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პერიშიჩი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და რუსეთის მუნდიალზე 3 ბურთის გატანა მოახერხა.
"ნერაძურის" მაისურით ჩატარებულ 163 თამაშში პერიშიჩმა 40 გოლი გაიტანა.