გამოცდილი ხორვატი თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, მიუნხენურ გრანდში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
იტალიური გამოცემა "Calciomercato" და გერმანული ტაბლოიდი "Kicker" ადასტურებენ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის ტრანსფერის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.
გადამწყვეტი ფაქტორი შეასრულა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის, როლმა. ნიკო თავის თანამემამულეს კარგად იცნობს და მარიოსთან მშვენიერი ურთიერთობაც აქვს.
33 წლის გამოცდილი ხორვატი გუნდში რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორის როლს შეასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ "ბაიერნს" ახლა მხოლოდ ერთი ნომინალური ცხრიანი ჰყავს, მარიოს დრო აუცილებლად ექნება.
მარიო მანჯუკიჩი "ბაიერნის" ღირსებას 2012-14 წლებში იცავდა და 88 თამაშში 48 გოლის გატანა მოახერხა.