მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2019/20 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო.
გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-საიტმა პოლონელი შემტევი ეროვნული ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
აგვისტოში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და 6 გოლის გატანა მოახერხა. ლევიმ ბერლინის "ჰერტას" (2:2) დუბლი გაუფორმა, "შალკეს" (3:0) ჰეთ-თრიკი და ერთი გოლი "მაინცსაც" (6:1) გაუტანა.
ახალი სეზონის სტარტზე ლევანდოვსკიმ სულ 7 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა და "ბაიერნის" მაისურით უკვე 200 გოლი დაუგროვდა.
რობერტმა აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში იუია ოსაკოს ("ვერდერი"), მარსელ ზაბიტცერს ("ლაიფციგი"), ჯეიდონ სანჩოს ("დ.ბორუსია"), ჯონათან შმიდს ("ფრაიბურგი") და ტიმო ვერნერს ("ლაიფციგი") აჯობა.