ლუკა ერნანდესი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და უკვე მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე "ფასეული" მოთამაშეა.
23 წლის ფრანგს კარიერაში ფენომენალური სტარტი აქვს, მაგრამ მისი ცხოვრება არც ისე იოლად დაიწყო, როდესაც 6 წლის ასაკში მამამ ოჯახი დატოვა და ლუკა უმცროს ძმა თეოსთან ერთად დედასთან ერთად დარჩა.
ლუკამ ამ თემაზე "Goal.com-თან" ვრცლად ისაუბრა.
"მასთან დაკავშირება არასოდეს მიცდია. რა თქმა უნდა, როდესაც პატარა ვიყავი ვფიქრობდი თუ სად შეიძლება ყოფილიყო და მსურდა მის შესახებ რამე გამეგო.
თუმცა დროთა განმავლობაში ამაზე უფროდაუფრო ნაკლებს ვფიქრობდი. უფრო მეტად ჩემს თავსა და ჩემს ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი, როდესაც გავიზარდე.
საბოლოოდ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მან იმიტომ დაგვტოვა, რომ არ ვუყვარდით. და თუ მას არ ვუყვარდით, მაშინ უკეთესია, რომ დაგვტოვა.
ახლა 23 წლის ვარ და როდესაც მან დაგვტოვა 5-6 წლის ვიყავი. უკვე 16-17 წელია მისგან არაფერი, სრულიად არაფერი გამიგია და მის შესახებ არაფერი ვიცი.
არ ვიცი სადაა ახლა ის, რას აკეთებს, საერთოდ ცოცხალია თუ არა. სამაგიეროდ, თავად შევქმენი პატარა ოჯახი. ის არც ახლა დამკავშირებია, როგორც ჩანს, არც აინტერესებს და არ უნდა კონტაქტზე გამოსვლა.
დაშორების შემდეგ მე, ჩემი ძმა და დედა ახალი ტრიო გავხდით. მე და თეო მუდმივად ფეხბურთით ვცხოვრობდით - დილას, შუადღეს და ღამე. მუდმივად ერთად ვთამაშობდით. ჩემი ძმა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ.
ჩვენ არასოდეს გვესმოდა თუ რატომ დაგვტოვა მან, უბრალოდ დედასთან ერთად ვიზრდებოდით. ის ცხოვრობდა, მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. არაფერი გვაკლდა. ახლა კი მე და თეო პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და მას შეუძლია ცოტათი ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს.
მან გვითხრა თუ რა მოხდა. გვითხრა, რომ ისინი დაშორდნენ, მამა უეცრად წავიდა და მას შემდეგ მასზე არაფერი გაგვიგია. რა თქმა უნდა, რთულია ცხოვრება მამის გარეშე, მაგრამ დედა ძალიან წარმატებულად ასრულებდა თავის და მამის როლსაც. მე და ჩემს ძმას ცოტათი არეული, მაგრამ ულამაზესი ბავშვობა გვქონდა.
ბებია და ბაბუა ფინანსურად გვიჭერდნენ მხარს, რათა გვეცხოვრა და სკოლაში გვევლო. სწორედ ამიტომ არის ბაბუა ჩემი მამა და ბებია - მეორე დედა. ეკონომიკურად ისინი იყვნენ ჩვენი მომმარაგებლები და ძალიან დაგვეხმარნენ", - გაიხსენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემ.
ლუკასა და თეოს დედა პი ლაურენსია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შვილები მარტომ გაზარდა.