მიუნხენის "ბაიერნმა" ინგლისის ნალექიან დედაქალაქში გოლების ნამდვილი წვიმა მოაწყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი "ტოტენჰემი" 7:2 გაანადგურა!
თამაშის საწყისი 30 წუთი ძალიან სანახაობრივი, გახსნილი და სწრაფი გამოდგა. "ტოტენჰემმა" აქტიურად და აგრესიულად დაიწყო. ლონდონელების შეტევებს მანუელ ნოიერი ორჯერ გაუმკლავდა, მაგრამ კორენტენ ტოლისოს შეცდომის შემდეგ ნდომბელემ ეუნ-მინ სონს შეუყოლა და კორეელმა ამჯერად იდეალურად დაარტყა - 1:0!
"ბაიერნმა" მეტოქეს ძალიან მალე უპასუხა და იოზუა კიმიხმა შორიდან იდეალური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. "დეზებმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ "ბაიერნმა" იზეიმა - ტაიმის ბოლო წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმოს ხაზიდან ჩინებული დარტყმით გამოიჩინა თავი და "ბაიერნს" პირველი ტაიმი მოაგებინა - 2:1.
"ტოტენჰემმა" ჰარი კეინის პენალტით, რომელიც საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა, ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თამაში შედარებით გათანაბრდა.
მიუნხენელებმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იფეთქეს - ტიაგო ალკანტარას ფანტასტიკური გადაცემით გნაბრი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მორიგი ლამაზი კომბინაცია და ლევანდოვსკის დუბლი, ხოლო ბოლოს გნაბრის კიდევ ერთი უზუსტესი დარტყმა და პოკერი მოჰყვა!
საბოლოოდ, 7:2 და "რეკორდმაისტერმა" ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე რთული ტესტი იდეალურად ჩააბარა.
ნიკო კოვაჩის გუნდმა ექვსი ქულა დააგროვა და B ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.