მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გაიხსენა მომენტი, როდესაც "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი დაითხოვა.
"კარგად მახსოვს, როდესაც კარლო ანჩელოტის გათავისუფლება მომიწია, ვტიროდი.
კარლომ გამიგო და ჩამეხუტა. შემდეგ კი მითხრა: "არაუშავს, ჩემი ბოსი აღარ ხარ, მაგრამ კვლავ მეგობრები ვართ". ამ სიტყვებზე ავტირდი.
ის დიდებული პიროვნება და დიდებული მწვრთნელია, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე სეზონში გუნდის შედეგებმა მოლოდინი ვერ გაამართლა.
კარლო კარგი მეგობარი და საოცრად მშვიდი ადამიანია, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, რომ მისთვის ცოტა მეტი დრო მიგვეცა, ვინაიდან მან დაამტკიცა, რომ დიდებული ადამიანია", - განაცხადა კალემ.
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერი" 2016 წლის ზაფხულში პეპ გვარდიოლასგან ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგა მოიგო.
2017/18 წლების სეზონი კი "ბაიერნმა" არასტაბილურად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ-სთან" გასვლითი მარცხი (0:3) იტალიელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.