2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა "ბაიერნის" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა და შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხიც გამოდგა. გერმანული გრანდის ბოსებმა როგორც იქნა უარი თქვეს თავის "პრინციპებზე" და დახარჯეს "დიდი ფული".
"რეკორდმაისტერმა" ზაფხულში ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალური, ახალგაზრდა მცველი, ლუკა ერნანდესი, 81 მილიონ ევროდ შეიძინა.
ერნანდესთან ერთად "ბაიერნს" შეუერთდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, უნივერსალური და მსოფლიო ჩემპიონი მცველი ბენჟამენ პავარი. ამ ორ ტრანსფერში "რეკორდმაისტერმა" 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა იმისათვის, რომ დაცვა გაეახალგაზრდავებინა და მათი უნივერსალიზმის წყალობით ერთბაშად ოთხივე პოზიცია შეევსო.
დაცვა, რომელმაც ზიულესა და ერნანდესის ფონზე ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო, ახლა უკვე მრავალგზის ჩამოწერილი ჟერომ ბოატენგისა და ვეტერანი, უთამაშებელი, ხავი მარტინესის იმედზე რჩება.
ჰუმელსი "ბაიერნმა" ტანმაღალი, საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული მცველის, ნიკლას ზიულეს, იმედად გაუშვა. 24 წლის გერმანელი მართლაც მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ "აუგსბურგთან" შეხვედრაში ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო და მინიმუმ 6 თვის გამოტოვება მოუწევს. ნიკლასმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და არათუ მისი სეზონის ბოლომდე დაბრუნება, არამედ ევრო 2020-ზე თამაში დადგა ეჭვის ქვეშ. "ბაიერნმა" დაკარგა მცველი, რომლის იმედადაც გაუშვა გუნდიდან ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატს ჰუმელსი...
გადის რამდენიმე დღე და "ბაიერნს" ათენში ემტვრევა 81 მილიონიანი ლუკა ერნანდესი - მსოფლიო ჩემპიონმა ტერფის დაზიანება მიიღო და დღეს გაირკვა, რომ ლუკას 2019 წელს ვეღარ ვიხილავთ მოედანზე...
დამაინც, რა არის გამოსავალი ? როდესაც ხარ მიუნხენის "ბაიერნი" და გაქვს პრეტენზია იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, გამოუვალი სიტაუციები არ უნდა არსებობდეს!
გამოსავალი #1 - იოზუა კიმიხი + ბენჟამენ პავარი
გარდა ამისა, კიმიხი არის უნივერსალი და შეუძლია თამაში დაცვის ცენტრშიც. თუ "მობერებული" ბოატენგი-მარტინესის თანდემიდან ერთ-ერთი ვერ გაამართლებს კიმიხს შეუძლია ცენტრში შეწევა...ან პავარს. გავიხსენოთ ული ჰიონესის სიტყვები, რომელმაც ბენჟამენს "ბაიერნის ისტორიაში პოტენციურად ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი" უწოდა. პავარი მართლაც ნიჭიერი და კარგი მცველია, რომელსაც სეზონის სტარტზე ხარვეზები აქვს, მაგრამ ძალიან მონდომებულია და ამ პრობლემების ფონზე გაბრწყინების იდეალური შანსი ეძლევა.
კიმიხი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს დაცვაში და თუ ეს მის მარჯვენა ფლანგზე მოხდება, პავარი - ცენტრში, ან - პირიქით! ზიულე-ერნანდესის თანდემი სწორედ კიმიხისა და პავარის ასევე ახალგაზრდულმა და გერმანულ-ფრანგულმა თანდემმა უნდა ჩაანაცვლოს.
გამოსავალი #2 - დავიდ ალაბა
თუმცა ამ შემთხვევაში არის ერთი პრობლემა - ალაბაც ტრავმებისკენაა მიდრეკილი...თუმცა, ჯვარი სწერია...
"თაობათა ომი"
ვარიანტები ისევდაისევ ბევრია, ვინაიდან კიმიხი უნივერსალია, ალაბა უნივერსალია, პავარი უნივერსალია, მარტინესი უნივერსალია...ძალიან ბევრი განლაგებისა და ვარიაციის დახატვაა შესაძლებელი, მაგრამ ვიყოთ უფრო რეალისტები - მარტინესის ცენტრში აწევა ალბათ გამორიცხულია, ამიტომ ის უფრო ცენტრალურ მცველად უნდა მოვიაზროთ.
როგორ შეიძლება ბოატენგი-მარტინესის სკამზე დატოვება ? მარტივად - კიმიხი მარჯვნივ, პავარი და ალაბა ცენტრში...მარცხენა ფლანგი? მიუხედავად იმისა, რომ ზევით დეივისის დაცვაში თამაში "წვალებად" მოვიხსენიეთ, ახალგაზრდა კანადელმა ამ პოზიციაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა - ის ძალიან სწრაფია და შავი სამუშაოს შესრულებაც გამოსდის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით გთავაზობთ სამ ალტერნატიულ ვერსიას თუ როგორი შეიძლება იყოს "ბაიერნის" დაცვის ხაზი მინიმუმ ახალ წლამდე, შემდეგ იმედია ერნანდესი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.