მიუნხენის ბაიერნის სახელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უკვე არაერთ შემტევს დაუკავშირეს, ყველაზე გამოკვეთილები კი ლუის დიასი და ნიკ ვოლტემადე არიან.
გარდა ამისა, სიაში ნახავთ ლეანდრო ტროსარს, გაბრიელ მარტინელის, ჯეიდონ სანჩოს, როდრიგო გოეშს და კიდევ სხვა მრავალს, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არ მოიპოვება.
და მაინც, ყველაზე მეტად სიიდან მედიაში რეალის ბრაზილიელი გარემარბი იქცევს ყურადღებას, რომელიც, ასე ვთქვათ, ლუის დიასის მთავარი "კონკურენტია".
ამდენად, მოდით, გავშალოთ ორივე ფეხბურთელის პროფილი:
ლუის დიასი
კოლუმბიელი ფეხბურთელი ევროპულ ფეხბურთში 2019 წელს გამოჩნდა და პირველი ნაბიჯები პორტუში გადადგა, ლივერპულში კი უკვე 4 სეზონი აქვს გატარებული. პრემიერ ლიგაში დიასმა საუკეთესო სეზონი სწორედ ახლა აჩვენა, რადგან თავი 18 საგოლე კონტრიბუციას მოუყარა, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ სამხრეთ ამერიკელი გაცემულ ავანსებს ბოლომდე ამართლებს. შესაძლოა, რომ ლუის დიასის მებრძოლი ხასიათი, სამხრეთული ტემპერამენტი და ბრძოლისუნარიანობა მასზე კარგად მეტყველებდეს, ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ საგოლე ჩართულობა დიასისგან არც ისე მაღალია. მაგალითისთვის, სადიო მანეს ლივერპულში 18 საგოლე მოქმედება ექვსიდან ხუთ სეზონში ჰქონდა, დიასის სტატისტიკა კი გაცილებით მეტის სურვილს ტოვებს. ასაკით კოლუმბიელი უკვე 28 წლისაა და იმასაც ამბობენ, რომ მისი დამატების შემთხვევაში სამომავლო გაყიდვა არც ისე იოლი იქნება, რადგან 4-წლიანი კონტრაქტით 32 წლის დიასის სარფიანად გაშვება ბაიერნისთვის თითქმის წარმოუდგენლად ჩანს. ერთი ისაა, რომ კლუბში თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელმა გამოთქვა (ამას მედია ამტკიცებს), რაც დასაფასებელია, თუმცა სასწორზე მართლაც ძალიან ბევრი რამ დევს.
როდრიგო გოეში
ბრაზილიელზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მისი ტრანსფერი დიასზე მეტი დაჯდება. ხმები გავარდა, რომ რეალი მასში 100 მილიონ ევროზე ნაკლებს არ აიღებს, რაც ბაიერნისთვის უდიდესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე ფაქტორი, რამაც, შესაძლოა კლუბს ტრანსფერის განხორციელებისკენ მაინც უბიძგოს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი როდრიგოს ასაკია. ბრაზილიელი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში საშუალოდ 8-10 წლამდე შეეძლება, რაც პერსპექტივაში გადახდილ თანხად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ როდრიგო რეალში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა, მისგან დასამახსოვრებელი მომენტი გულშემატკივარს მაინც ბევრი ახსოვს, განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან თამაშებში, რაც მასზე შესანიშნავად მეტყველებს. როგორც ამბობენ, სამხრეთ ამერიკელს რეალის დატოვება და ახალ კლუბში სასტარტოობა სურს, ბაიერნი კი ლივერპულთან ერთად ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება.