Bild-ის ჟურნალისტი, იულიან აგარდი ამბობს, რომ შტუტგარტი ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერმა ორ ნაწილად გახლიჩა და ბორდის ნახევარი ფეხბურთელის გაშვების მომხრეა.
როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნმა ვოლტემადეს თაობაზე შტუტგარტს ორი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ კლუბმა ორივე დაბლოკა და ისიც დააანონსა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ექსტრაორდინალური წინადადების შემთხვევაში გაუშვებდა.
სწორედ ამის გამო დაიწყო შტუტგარტში კამათი. საქმე ისაა, რომ ბაიერნის მეორე წინადადება 55 მილიონ ევროს მოიაზრებდა, რაც შტუტგარტის სატრანსფერო რეკორს 20 მილიონით აღემატება, მისი უგულებელყოფა კი ბორდის ნაწილს არაადეკვატურად მიაჩნია.
არის თუ არა ეს ოპტიმისტური სიახლე? ცხადია, არის, თუმცა შტუტგარტის მთავარი მაღალჩინოსნები ჯერ ისევ იმ აზრზე არიან, რომ ბაიერნის წინადადებები არც კი განიხილონ.
ამდენად, ვნახოთ რა მოხდება. თუ ბოლო დღეებში ბაიერნის შანსები ძალიან მცირე ჩანდა, ახლანდელმა შიდა განხეთქილებამ სიტუაცია სწორედ რეკორდმაისტერის სასარგებლოდ შემოატრიალა.