Kicker-მა გაავრცელა შტუტგარტის პრეზიდენტის, დიტმარ ალგაიერის კომენტარი, რომელიც მან ნიკ ვოლტემადეს შესახებ გააკეთა:
"ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება, რომელთა სისრულეში მოყვანის შემთხვევაშიც კლუბი უპრეცედენტო შემოსავალს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, ახლა შტუტგარტს სამოქმედო ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება, რადგან ფეხბურთელების გაყიდვაზე აღარ ვართ ორიენტირებულები, თუმცა თუ შესაბამისი წინადადება მოვა, მაშინ მას მთელი ბორდი განიხილავს და შესაფერის გადაწყვეტილებასაც მიიღებს", - თქვა შტუტგარტის პრეზიდენტმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბის პრიორიტეტი ვოლტემადეს გაყიდვა და ფულის აღება არ არის, თუმცა თუ ბაიერნი ფასს მოუმატებს, მაშინ, წესით, ფეხბურთელი ხელში ძალიან იოლად უნდა ჩაიგდოს, თანაც იმის ფონზე, რომ ბაიერნში თამაში თავად ვოლტემადესაც ძალიან სურს.
გარდა ამისა, შესაძლოა ამ კომენტარით ალგაიერი ბაიერნზე ზეწოლის გაზრდასაც ცდილობდეს, რათა კლუბს აფიქრებინოს, რომ ვოლტემადეს მსურველები სხვაგანაც ჰყავს და მისი გაშვება შტუტგარტს თავისუფლად შეუძლია.
მოკლედ, შტუტგარტიდან ნათლად ამბობენ, მოუმატეთ ფასს და ვოლტემადესაც გამოვუშვებთო, მაგრამ ბაიერნი თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ხელმომჭირნეობის თუ შეზღუდული სატრანსფერო პოლიტიკის გამო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.