მიუნხენის ბაიერნი თავის სატრანსფერო პოლიტიკას არ ცვლის და ტრანსფერებში კვლავ ცოტას ხარჯავს. შესაძლოა, კლუბმა ლუის დიასში 75 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა იმის იქით ზაფხულში დანახარჯი პრაქტიკულად არც ყოფილა.
თუ პრემიერ ლიგის კლუბები 200 და 300 მილიონს ხარჯავენ, ბაიერნი 100 მილიონამდეც იშვიათად ადის ხოლმე, გამონაკლისი კი არც 2025/2026 წლების სეზონის დაწყებამდე გვინახავს. მიუხედავად ამისა, ისეთი ლეგენდა, როგორიც ლოთარ მათეუსია, მიიჩნევს, რომ ბაიერნი საგრძნობლად განვითარდა, რამაც გულშემატკივრები ახალი სეზონისთვის იმედიანად უნდა განაწყოს.
ბუნდესლიგა
შიდა ჩემპიონატის მოგების ალბათობა ძალიან დიდია. ბოლოს ბაიერნს რეალური კონკურენცია ბაიერ ლევერკუზენმა გაუწია, რომელიც ჩემპიონი გახდა კიდეც, თუმცა ახლა კლუბში დიდი გარდასახვა მიმდინარეობს და ჩემპიონობაზე ნაკლებად ფიქრობენ. სხვათა შორის, ახლახანს ბუნდესლიგის მწვრთნელებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და ბაიერნის მიღმა სპეციალისტებიდან მომავალ ჩემპიონად ყველამ ბაიერნი დაასახელა. ამდენად, თუ კომპანი ბუნდესლიგას მოიგებს, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.
გერმანიის თასი
აი, გერმანიის თასი კი გვჭირდება. ბაიერნმა ბოლოს აღნიშნული ტიტული 2020 წელს მოიგო და მისი ბოლო აღმართვიდან 5 წელია გასული. შესაძლოა, გერმანიის თასი პრესტიჟით არც ისე მბრწყინავი იყოს, თუმცა ტრებლის შესასრულებლად მისი მოპოვებაც აუცილებელი იქნება.
ჩემპიონთა ლიგა
ტრადიციულად, მიუნხენის ბაიერნი კვლავ ფავორიტებში მოიაზრება, მაგრამ ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, მადრიდის რეალი და სხვები ჯერჯერობით მაინც უფრო ზედა რიგებს იკავებენ. ასე იყო შარშანაც, როცა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგიდან ინტერმა გამოაგდო. თითქოს, კლუბს მაინც შეეძლო მძიმე მეტოქის დამარცხება და ბოლო ფაზამდე მისვლა, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას სჯეროდა, რომ კომპანისთვის ასეთი წარმატება ნაადრევი იყო, რაც საბოლოოდ რეალობა აღმოჩნდა.
რა იქნება ახლა? ბაიერნის მწვრთნელმა მთავარ ტურნირზე გარკვეული გამოცდილება უკვე მიიღო და რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატა. ეჭვი არაა, რომ ბაიერნი შარშანდელთან შედარებით ლიგის მოგების ფავორიტებში უფრო თავდაჯერებით ჩაჯდება, მაგრამ, ჰანსი ფლიკის შექმნილ მანქანამდე, რომელიც არავის და არაფერს ინდობდა, ვენსან კომპანის კოლექტივს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია..