დაიოტ უპამეკანო, რომელიც ახლა მიუნხენის ბაიერნში 10 მილიონ ევროს შოულობს, ცდილობს, რომ კლუბისგან ხელფასის 5-მილიონიანი ზრდა მიიღოს.
ამის პარალელურად, ბაიერნის სპორტული დირექცია ამტკიცებს, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა მეტი კონკრეტული არაფერი ითქმის.
ამ დროს უპამეკანოსთვის კონტრაქტის შეთავაზებით მარტო ბაიერნი არაა დაინტერესებული. მაგალითად, უკვე ბევრგან დაიწერა რეალის ინტერესის შესახებ, რომელიც აპირებს, რომ ფეხბურთელს 20-მილიონიანი წინადადება შესთავაზოს.
მიუხედავად ხელფასის გაორმაგებისა, უპამეკანოსთვის პრობლემა რეალში არსებული დიდი კონკურენციაა. ფრანგ მცველს, ამ თვალსაზრისით, ბაიერნში საქმე ბევრად მარტივად აქვს, შესაბამისად, მისთვის ხელფასი ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა იყოს.