მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფიგურამ, ული ჰიონესმა, პოდკასტში ტომას ტუხელისა და ვინსენტ კომპანის მუშაობის სტილებს შორის არსებულ კოლოსალურ განსხვავებაზე ისაუბრა. ჰიონესის თქმით, ტუხელის მეთოდები კლუბისთვის მიუღებელი იყო.
ჰიონესმა გაიხსენა, თუ როგორ ითხოვდა ტუხელი მუდმივად ახალ ტრანსფერებს და აკრიტიკებდა საკუთარ ფეხბურთელებს:
„ეს მწვრთნელი [კომპანი] ყველა ფეხბურთელს აუმჯობესებს. მე არასდროს მინახავს ის პრესკონფერენციაზე ამბობდეს: 'მჭირდება მარცხენა მცველი, მჭირდება მარჯვენა მცველი', როგორც ეს ტუხელის დროს ხდებოდა. როდესაც გუნდი ცუდად თამაშობდა, ტუხელი საკუთარ თავში მიზეზს არასდროს ეძებდა, ყოველთვის გუნდი იყო დამნაშავე.“
ულიმ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, რაც აქამდე უცნობი იყო:
რაიან გრავენბერხზე: „ტუხელი ამბობდა, რომ მას საერთოდ ვერ გამოიყენებდა, ახლა კი ნახეთ, როგორ თამაშობს 'ლივერპულში'.“
კიმიხზე: „ის ამტკიცებდა, რომ კიმიხი არ იყო კარგი ფეხბურთელი.“
სტანიშიჩზე: „ტუხელმა სტანიშიჩს ერთხელ ჰკითხა, ლაპარაკობდა თუ არა გერმანულად, მაშინ როცა იოსიპი აქ, გერმანიაში დაიბადა. ეს ყველაფერი უბრალოდ მიუღებელია.“
ჰიონესის დასკვნით, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება - კომპანიმ მოახერხა ის, რაც ტუხელმა ვერ შეძლო: დაებრუნებინა ფეხბურთელებისთვის თავდაჯერებულობა და შეექმნა გუნდი, სადაც მწვრთნელი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.