ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე დაძაბულობა პიკამდე აიყვანა. ანჟერთან მოგების შემდეგ, როცა ჟურნალისტებმა ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე ჰკითხეს, ესპანელმა პირდაპირი პასუხისგან თავი აარიდა.
„ნახევარფინალი ბაიერნის წინააღმდეგ უკვე დაიწყო. მე მათ არანაირ ინფორმაციას არ მივაწვდი!“ - განაცხადა ენრიკემ.
პარიზელთა თავკაცმა სამშაბათის მატჩის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მეტოქე შეაქო, თუმცა საკუთარი გუნდის ამბიციებიც წინ წამოსწია:
„ჩვენ ნახევარფინალში ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. თუმცა, ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და გვსურს, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ.“