მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, თომას მიულერმა, პარიზში გამართული საოცარი მატჩი შეაფასა და მომავალი რევანშის მოლოდინებზე ისაუბრა. მიულერის თქმით, ის, რაც გულშემატკივარმა პირველ შეხვედრაში ნახა, ნამდვილი სანახაობა და სპორტის ამ სახეობის საუკეთესო რეკლამა იყო.
„ეს იყო სანახაობა. ტემპი, ოსტატობა და ინტენსივობა უმაღლეს დონეზე - როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. მიუხედავად ცხრა გოლისა, ბევრი გამორჩეული ინდივიდუალური თავდაცვითი მოქმედება ვნახე. ასეთი ხარისხის ღია ფეხბურთს იშვიათად შეხვდებით.“ - აღნიშნა მიულერმა.
თომასის აზრით, 5:4 მარცხი კატასტროფა არ არის. მეტიც, მას მიუნხენელთა თამაში პარიზში უფრო მეტადაც კი მოეწონა, ვიდრე მადრიდის რეალის წინააღმდეგ: „ბაიერნმა საკუთარი ფეხბურთის თამაში გააგრძელა. არანაირი ქაოსი — მხოლოდ თავდაჯერებული ბრძოლა ქამბექისთვის. თუ გუნდი ოთხშაბათსაც ისევე ითამაშებს, როგორც პარიზში, ამ მატჩს ერთი ან ორი გოლით მოვიგებთ“.
ვეტერანი ფეხბურთელი პროგნოზირებს, რომ საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. მისი თქმით, 60-ე წუთიდან ორივე გუნდი შედეგზე დაიწყებს ფიქრს, რაც თამაშის დინამიკას შეცვლის - ლიდერი დაცვაში ჩაჯდება, ხოლო ჩამორჩენილი კონტროლს აიღებს.