თორნიკე კვარაცხელიამ ბაიერნის 17-წლამდელთა გუნდში სინჯები გაიარა და კლუბის ლეგენდის, კლაუს აუგენთალერის „გლობალ აკადემიის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გარემარბმა გუნდის 3:1 გამარჯვებაში თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.
მატჩს ბაიერნის მთავარი სკაუტი, ნილს შმადტკე აკვირდებოდა. თორნიკემ ტექნიკური უნარებითა და ბურთის ფლობით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა აღინიშნა, რომ ფიზიკური მომზადებისა და ინტენსივობის მხრივ სამუშაო კიდევ აქვს.
რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, 18 წლამდე თორნიკეს მიუნხენში გადასვლა ოფიციალურად არ შეუძლია. საინტერესოა, რომ 2018 წელს ზუსტად ამ მიზეზით ჩაიშალა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ბაიერნში - მაშინ კლუბმა შესაფერისი საიჯარო გუნდი ვერ იპოვა.
ამჯერად სიტუაცია სხვაგვარია. ბაიერნს ჰყავს პარტნიორი კლუბები (Red & Gold), სადაც თორნიკემ 18 წლის შესრულებამდე შეიძლება ითამაშოს, შემდეგ კი რეკორდმაისტერს შეუერთდეს.
თორნიკე გუშინდელ მატჩს ალიანც არენას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. თუ გუნდები შეთანხმდებიან, შესაძლოა ის შეცდომა, რომელიც ხვიჩას შემთხვევაში მოხდა, ახლა გამოსწორდეს.