მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას სურს, ჰარი კეინთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაასრულოს. აქამდე მოლაპარაკებები თავად ფეხბურთელის თხოვნით იყო შეჩერებული - კეინს სურდა, სრულად ყოფილიყო კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. მას შემდეგ, რაც მიუნხენელები ტურნირს დაემშვიდობნენ, კლუბის ბოსები კეინის ბანაკთან დაკავშირებას გეგმავენ.
თავად ინგლისელი თავდამსხმელი მიუნხენში დარჩენის მიმართ ღიაა და კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა არც ზედმეტ წნეხს განიცდის. კეინმა მიანიშნა, რომ თუ შეთანხმება მუნდიალამდე ვერ მოხერხდება, მისთვის მისაღები იქნება მოლაპარაკებების გაგრძელება ტურნირის დასრულების შემდეგაც. რეკორდმაისტერისთვის კი პრიორიტეტული საკითხია, რომ გუნდის მთავარი სიმბოლოს მომავალი რაც შეიძლება მალე ოფიციალურად დადასტურდეს.