გერმანიაში ჯამალ მუსიალას გარშემო ატეხილი სკანდალის დეტალები გასაჯაროვდა. მიუნხენის პროკურატურის სპიკერმა, ფლორიან ლინდემანმა დაადასტურა, რომ ბაიერნის ფეხბურთელს მართვის მოწმობა ოფიციალურად ჩამოართვეს და სასამართლომ სისხლის სამართლის განჩინება გამოუტანა.
საქმე ეხება გასულ წელს, 2025 წლის 13 აპრილს, ავტობანზე მომხდარ ავარიას. მუსიალა საკუთარი ავტომობილით, რომელშიც მისი უმცროსი დაც იჯდა, 120 კმ/სთ სიჩქარის ზონაში 194 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. გასწრების მანევრის დროს ჯამალმა გვერდით მიმავალი მანქანა ვერ შეამჩნია და დაეჯახა.
ავარიის შედეგად მეორე მანქანაში მყოფი ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 200,000 ევრო შეადგინა.
სასამართლომ მუსიალა საგზაო მოძრაობის გაუფრთხილებლობით საფრთხეში ჩაგდებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაში ცნო დამნაშავედ. ფეხბურთელი სოლიდური თანხით დააჯარიმეს, მართვის მოწმობა კი მინიმუმ შემოდგომამდე ჩამოართვეს. მუსიალას მხარემ ინციდენტი უკვე დაადასტურა.