იოსკო გვარდიოლის მიუნხენში გადასვლის სურვილი კიდევ უფრო სერიოზულ ფაზაში შევიდა. ხორვატ მცველს ბუნდესლიგაში დაბრუნება იმდენად სწყურია, რომ მისი გარემოცვა ყველანაირად ცდილობს ტრანსფერის დაჩქარებას და ბაიერნში მის გადაბირებას ითხოვს. მიუნხენურ კლუბს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, თუმცა გარიგების ბედს მხოლოდ ფული წყვეტს.
მანჩესტერ სიტი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს. ამის გამო, სანამ ბაიერნი რამდენიმე ფეხბურთელს არ გაყიდის და ბიუჯეტს არ გამოათავისუფლებს, ხორვატის ტრანსფერი მიუნხენში ცხელ თემად არ განიხილება. პარალელურად, პეპ გვარდიოლას გუნდს მისი დაკარგვა არ სურს - სიტიმ გვარდიოლს კონტრაქტის გახანგრძლივება და ახალი, გაუმჯობესებული პირობები უკვე შესთავაზა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.