მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, შტუტგარტთან გასამართი ფინალის წინ მედიასთან ის მოტივაცია გაასაჯაროვა, რაც გუნდს სეზონის დასაწყისიდანვე ჰქონდა. ბელგიელი სპეციალისტისთვის ეს გერმანიაში პირველი სათასო ფინალია.
"გერმანიის თასის ფინალში აქამდე მონაწილეობა არასდროს მიმიღია, მაგრამ სხვა ფინალებში მითამაშია. ჩემი პირველი ასოციაციის თასი (FA Cup) მაშინ მოვიგე, როცა მანჩესტერ სიტის ეს ტიტული 40 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. აქ გამარჯვება ყოველთვის ისტორიული მომენტია - შტუტგარტმა ეს შარშან მოახერხა.
მიმდინარე სეზონში კი, მთელი გუნდი ამ თასზე პირველივე დღიდან საუბრობდა. ეს აჩვენებს, რომ ბაიერნი ამ ტურნირს უდიდეს პატივს სცემს. ჩვენ გვინდა, რომ თასი მიუნხენში დავაბრუნოთ." - განაცხადა კომპანიმ.