"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ჯამპაოლომ, მიუნხენის "ბაიერნთან" ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ეს უმაღლესი კლასის სამუშაო იქნება. ჩვენ უკვე 10 დღეა ერთად ვმუშაობთ და ველი, რომ ახლა ვანახოთ ის ყველაფერი, რაც დავამუშავეთ.
"ბაიერთან" თამაში ძალიან კარგი გამოცდა იქნება - ჩვენ მოედანზე სიამოვნება უნდა მივიღოთ და მოთამაშეების პროგრესი დავინახოთ.
ფიზიკურ კონდინციებზე მეტად მნიშვნელოვანი იქნება თამაშის ხარისხი - შედეგიც დიდად არ მაინტერესებს, მთავარ აქცენტს თამაშსა და მოთამაშეების მონდომებაზე გავაკეთებ.
ჩვენ წინ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ასეთი მატჩები ყოველთვის გეხმარება საკუთარი რეალური ძალების დანახვაში", - განაცხადა 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
"რეკორდმაისტერი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "როსონერის" ხვალ გამთენიისას, ჩვენი დროით 05:00 საათზე, შეხვდება.
"ბაიერნმა" ამხანაგურ ტურნირზე ორი მატჩი უკვე გამართა - დამარცხდა 1:2 ლონდონის "არსენალთან", მაგრამ შემდეგ 3:1 მოუგო მადრიდის "რეალს".
მილანური გრანდი კი თავის თამაშებს ხვალიდან იწყებს. "როსონერი" მიუნხენური გრანდის შემდეგ ლისაბონის "ბენფიკასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.