მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლებით თავი ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გამოიჩინეს.
შეხვედრის მე-80 წუთზე ნაგელსმანმა სანე მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად მატის ტელი შემოიყვანა. მოედნიდან გასვლისას კი სანემ ბოთლი ისროლა და სახეზე აშკარა უკმაყოფილებაც ეტყობოდა.
მოგვიანებით, 26 წლის შემტევმა ჟურნალისტებთან საკუთარ საქციელზე ისაუბრა:
"ცვლილების გამო არ გავბრაზებულვარ. ბოთლი ვისროლე, რადგან კარგი თამაში არ მქონდა, კი გოლი კარგი იყო, მაგრამ ჩემი ნაჩვენები თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვყოფილვარ", - განაცხადა სანემ.