ხვალ, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აუგსბურგის მთავარმა მწვრთნელმა, ენრიკო მაასენმა გამართა პრესკონფერენცია და მეტოქე გუნდზე ისაუბრა:
"ეს ისეთივე თამაშია, როგორც სხვა ყველა - 3 ქულისთვის ბრძოლა. ჩვენ ვეთამაშებით გერმანიის ჩემპიონებს, ამიტომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. ბაიერნის ხარისხი კარგად ვიცით, ამიტომ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
ბაიერნს ბურთის ფლობა უყვარს, ამიტომ კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ - რამდენიმე შანსს აუცილებლად მივიღებთ", - განაცხადა ენრიკო მაასენმა.
ცნობისთვის, აუგსბურგსა და ბაიერნს შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.