რას მივაქციოთ ყურადღება სარბენი ბილიკის შერჩევისას

რას მივაქციოთ ყურადღება სარბენი ბილიკის შერჩევისას

სახლში ვარჯიშის კულტურა სულ უფრო პოპულარული ხდება. სამუშაო დღის შემდეგ სპორტულ დარბაზში წასვლა დამღლელია, ამიტომ ხშირად უარს ვამბობთ ვარჯიშზე. არადა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, რათა არ მოდუნდე და სულ ფორმაში იყო. ასეთ დროს შინ ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია.

სავარჯიშო სივრცის მოწყობა სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლია. ამისთვის საჭიროა, შეიძინო შესაბამისი ტრენაჟორი. შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული სარბენი ბილიკი. მანამდე კი, მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი იმ აუცილებელ კრიტერიუმებს, რომლებიც სარბენი ბილიკის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო.

ძრავის სიმძლავრე

სარბენი ბილიკის ძრავის სიმძლავრე ცხენის ძალით (HP) იზომება. ამ შემთხვევაში, უფრო დიდი ყურადღება ექცევა არა მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომლის განვითარებაც სარბენ ბილიკზეა შესაძლებელი, არამედ იმას, თუ რამდენად სტაბილურად მუშაობს ძრავა ხანგრძლივი დატვირთვის დროს (CHP - Continuous Horsepower-ს).

  • სიარულისთვის საჭიროა დაახლოებით 2.0 - 2.5 CHP.
  • ძუნძულისთვის საჭიროა დაახლოებით 2.5 - 3.0 CHP.
  • სარბენად საჭიროა 3.0 CHP ან უფრო ძლიერი ძრავი.

სარბენი ბილიკის ზომა

სარბენი ბილიკები ერთმანეთისგან სიგრძითა და სიგანით განსხვავდება. მნიშვნელოვანია, შენთვის შესაფერისი ზომის ბილიკი აარჩიო, რათა მასზე დგომისას თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნო. ზედმეტად ვიწრო, მოკლე ბილიკზე სირბილისას დაძაბული იქნები და ცუდ შემთხვევაში, შეიძლება, ფეხი გადაგიბრუნდეს.

სარბენი ბილიკის სტანდარტული ზომაა 45-50 სმ. თუ აქტიურად დარბიხარ, რეკომენდებულია, მინიმუმ 50 სმ სიგანის ბილიკი. 180 სმ-ზე მეტი სიმაღლის ადამიანისთვის და მათთვის, ვინც დიდი ნაბიჯებით დარბის, შესაფერისია ბილიკი, რომლის სიგრძე მინიმუმ 140-150 სმ-ია, თუმცა სიარულისთვის 125-130 სმ-იც საკმარისია. შეარჩიე სარბენი ბილიკი, რომლის მაქსიმალური წონის ლიმიტი შენს წონაზე (ან ოჯახის ყველაზე მძიმე წევრის წონაზე) მინიმუმ 20 კილოგრამით მეტია.

ამორტიზაციის სისტემა

ასფალტზე სირბილთან შედარებით, სარბენი ბილიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამორტიზაციის სისტემაა. ამორტიზაციის სისტემის წყალობით, სირბილისას მუხლებსა და კოჭებზე ნაკლები დატვირთვა მოდის.

თანამედროვე ტრენაჟორები ე.წ. "ცვალებადი ამორტიზაციის" პრინციპით მუშაობენ. ბილიკი უფრო რბილია იმ ადგილას, სადაც ფეხს დგამ და უფრო მყარია უკანა ნაწილში, საიდანაც ფეხი წინ მიგაქვს. ამორტიზაციის სისტემა სარბენი ბილიკის შერჩევისას ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია.

დახრის კუთხე და სიჩქარე

დახრის კუთხის ცვლა ვარჯიშს უფრო მრავალფეროვანსა და ეფექტურს ხდის. ბილიკის დახრილობაზეა დამოკიდებული, რამდენად ინტენსიურად იწვება კალორიები სიჩქარის მომატების გარეშე და ვარჯიშისას, რომელ კუნთზე კეთდება აქცენტი. სტანდარტულ ტრენაჟორებს 10-15%-იანი დახრილობა აქვთ. რაც შეეხება სიჩქარეს, თუ სპორცმენი არ ხარ, 20 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარე იშვიათად დაგჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 16-18 კმ/სთ სავსებით საკმარისია.

დიზაინი

სანამ ბილიკს შეიძენ, აუცილებლად გაზომე სივრცე ბინაში. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ იატაკის ფართობი, არამედ ჭერის სიმაღლეც. შეგიძლია, შემდეგი ფორმულით იხელმძღვანელო - ბილიკის სიმაღლეს + შენი სიმაღლე + 15-20სმ თავისუფალი სივრცე.

დღესდღეობით უკვე არსებობს ტრენაჟორების კომპაქტური მოდელებიც - დასაკეცი სარბენი ბილიკები. ეს ვარიანტი მოსახერხებელია, რადგან ბინაში მინიმალურ ადგილს იკავებს.

დამატებითი ფუნქციები

თანამედროვე ტრენაჟორები სხვადასხვა ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რათა ვარჯიში უფრო კომფორტული და სასიამოვნო პროცესი იყოს. LCD მონიტორი განვლილ დროსა და მანძილს აჩვენებს. ტრენაჟორებს საკუთარი გულისცემის კონტროლის ფუნქციაც აქვთ. სენსორულ HD ეკრანში ვიდეო გაკვეთილებს შეგიძლია უყურო და პარალელურად ივარჯიშო. Bluetooth-იანი სარბენი ბილიკები ყურსასმენებთან დაკავშირების საშუალებასაც იძლევა. სანამ შეიძენ, გირჩევთ, ეს ფუნქციებიც შეამოწმო.

შეჯამება

სარბენი ბილიკი შენს სიმაღლესა და წონას უნდა შეესაბამებოდეს. გაზომე ოთახი და სასურველი მოდელიც ამის მიხედვით შეარჩიე. იმედია, ჩვენი რჩევები შენს საჭიროებებზე მორგებული ტრენაჟორის შერჩევაში დაგეხმარება.


25-02-2026, 16:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2