დორტმუნდთან „კლასიკერში“ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად ნიკო შლოტერბეკის უხეში ჩახსნა იოსიპ სტანიშიჩზე იქცა - ეპიზოდი, რომელმაც როგორც ბაიერნის მოთამაშეები, ისე გულშემატკივრები აღაშფოთა.
მატჩის შემდეგ სტანიშიჩმა უკმაყოფილება არ დამალა:
„ვერ ვხვდები, მსაჯმა როგორ გადაწყვიტა, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო. დიახ, ის პირველად ბურთს შეეხო, მაგრამ წითელი ბარათი სწორედ მოთამაშეების დასაცავად არსებობს. ჩემთვის ეს აშკარა წითელი იყო და ეს მსაჯსაც ვუთხარი. მსგავსი ეპიზოდი გვქონდა ჟოაო პალინიასთან ბოხუმის წინააღმდეგ — მანაც იგივენაირად ითამაშა და პირდაპირ წითელი მიიღო, რის შემდეგაც ის მატჩი წავაგეთ. ვფიქრობ, შლოტერბეკს დღეს ძალიან გაუმართლა, რომ მოედანზე დარჩა.“
საინტერესოა, რომ ეპიზოდს თავად შლოტერბეკიც გამოეხმაურა და ფაქტობრივად, დაეთანხმა კრიტიკას:
„ვფიქრობ, ამ ეპიზოდში წითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა. ცოტა გამიმართლა.“
მატჩის ასეთ ინტენსიურ და დაძაბულ ფონზე ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით დიდ განხილვას იწვევს — ბევრის აზრით, წითელი ბარათი სრულიად ლოგიკური იქნებოდა და თამაშის სურათსაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა.