კონრად ლაიმერი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო. მერსისაიდული გრანდის ყოფილმა დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ავსტრიელი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა პირადად სურდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი მიუნხენის ბაიერნის სასარგებლოდ გააკეთა.
გერმანელმა სპეციალისტმა ის ტაქტიკური როლიც გაამხილა, რომელსაც ავსტრიელს ენფილდზე უმზადებდა. კლოპის ჩანაფიქრით, ლაიმერს მოედნის ცენტრში, კერძოდ კი ჩამშლელი ნახევარმცველის (მე-6 ნომრის) პოზიციაზე უნდა ეასპარეზა და დაცვითი ფაზა სრულად ეკონტროლებინა.
„ლაიმერთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მას საყრდენ ზონაში ვხედავდი და მისი ლივერპულში მოყვანა სწორედ ამ ფუნქციის შესასრულებლად მინდოდა. თუმცა, საბოლოოდ მან მიუნხენი აირჩია.“ - აღნიშნა კლოპმა. ბაიერნის მესვეურებმა შეძლეს მოლაპარაკებების თავის სასარგებლოდ დასრულება და მოთამაშე ალიანც არენაზე გადაიბირეს.