გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის კალენდარი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე იმაშია, რომ ბუნდესნაკრები 1/16-ფინალის მომავალ მეტოქეს მხოლოდ შაბათს შეიტყობს, რის შემდეგაც მატჩისთვის მოსამზადებლად 48 საათზე ნაკლები დრო დარჩება.
ახალგაზრდა სპეციალისტის აზრით, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, გუნდი არახელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. ტაქტიკური გეგმის ნაჩქარევად შედგენის თავიდან ასაცილებლად, გერმანელთა სამწვრთნელო შტაბი შაბათს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობას გეგმავს, რათა კვირა დღეს ყველაფერი მაქსიმალურად გაანალიზებული ჰქონდეთ.
„ვფიქრობ, ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გარკვეულწილად დავისაჯეთ. პოტენციური მეტოქეები უკვე გადავინაწილეთ. პირადად ვუყურე სამ ან ოთხ შეხვედრას, ისევე როგორც ანალიტიკოსთა ჯგუფმა. ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ შაბათი ღამის უკეთესად გატარებაც შეიძლებოდა, ვიდრე ამ მასალების დამუშავებაა. ეს იქნება უძილო ღამე. გვსურს, დიდი ნაწილი წინასწარ გვქონდეს მზად, რათა კვირას მატჩის გეგმა დიდი სიჩქარით არ შევქმნათ. ამას გავმკლავდებით, სამწვრთნელო შტაბში თითქმის ყველა ახალგაზრდები ვართ, ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, მთელი ღამე მუშაობა შეგვიძლია." - აღნიშნა ნაგელსმანმა.